ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1863 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური, როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული.

XVIII საუკუნის ბოლოს, იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით, ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი, აგრეთვე წმინდა მარინეს ეკლესია.1801 წლიდან 1921 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, თბილისის გუბერნიის, გორის მაზრაში შედიოდა. ხაშურში ქალაქის ტიპის დასახლებას საფუძველი XIX-ის 60 -იანი წლებიდან ჩაეყარა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი - ფოთი - თბილისი ხაშურზე გადიოდა. აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.

ხაშურის მუნიციპალიტეტს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ვინაიდან ის მდებარეობს აღმოსავლეთ, დასავლეთ, და სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მერია. მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქი - ხაშური, ერთი დაბა - სურამი და 11 სასოფლო ადმინისტრაციული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), რომელთა შემადგენლობაშიც კიდევ 84 სოფელი შედის. მოსახლეობა 65 ათასამდეა, მისი ძირითადი ნაწილი ქალაქსა და დაბაში ცხოვრობს.

მუნიციპალიტეტის სამრეწველო საწარმოები ძირითადად თავმოყრილია ქალაქ ხაშურში. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიზნესსექტორი ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო ორგანიზაციების, სამრეწველო ორგანიზაციებისა და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების სახით.

მუნიციპალიტეტში 32 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მუშაობს ბიბლიოთეკები, თოჯინების თეატრი და 3 მუზეუმი.

ხაშურს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები: სურამის ციხე, წრომის ტაძარი,  სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, კვირაცხოვლის ეკლესია, წაღვლის და წრომის ნასოფლარები და სხვა.

.